logo
ENG



პაპუაშვილის მტკიცებით, ვენეციის კომისიას დეოლიგარქიზაციის კანონზე "წინააღმდეგობა არ აქვს"

14 მარ 202315:23
3 წუთის საკითხავი
 
პაპუაშვილის მტკიცებით, ვენეციის კომისიას დეოლიგარქიზაციის კანონზე "წინააღმდეგობა არ აქვს"

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტსა და საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებაზე ვენეციის კომისიის დასკვნა მზადაა და მათ ის გასაჯაროებამდე მიეწოდათ.

როგორც ის განმარტავს, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით საუბარი იყო ორ საკითხზე - რამდენად იყო ის უკრაინულის თარგმანი და ჰქონდა თუ არა საქართველოს კონტექსტით გათვალისწინებული უფლება, მიეღო იგივე კანონი.

პაპუაშვილი ირწმუნება, რომ ვენეციის კომისიას კანონის ამ ფორმით მიღებასთან დაკავშირებით "რაიმე წინააღმდეგობა" არ აქვს. მისივე განმარტებით, შემუშავებულია რეკომენდაციები მხოლოდ ტერმინების დაზუსტებასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებას, რომელიც ასევე გაგზავნილი იყო ვენეციის კომისიაში, პარლამენტის თავმჯდომარის მტკიცებით, ამასთან დაკავშირებითაც კომისიას შენიშვნა არ გააჩნია.

"დეოლიგარქიზაციის კანონთან საუბარი იყო ორ საკითხზე. ერთი- რამდენად იყო ეს მართლაც უკრაინული კანონის თარგმანი და მეორე, ჰქონდა თუ არა საქართველოს კონტექსტით გათვალისწინებული უფლება, რომ მიეღო იგივე კანონი, რომელიც არის უკრაინაში. ეს, რა თქმა უნდა ჰგავს იგივე დისკუსიას, რომელიც გვქონდა უცხოური გავლენის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. იქაც იგივე იყო, რამდენად იყო ეს ამერიკული და რამდენად ჰქონდა საქართველოს ამერიკისგან განსხვავებით უფლება, რომ ეს კანონი მიეღო. ორივე საკითხზე ვენეციის კომისიას აქვს ნამსჯელი და პირველზე, არის თუ არა ეს უკრაინული კანონი, მან თქვა, რომ კი. ერთადერთი სხვაობა ამ ორ კანონს შორის არის ის, რომ უკრაინის შემთხვევაში, რეესტრს აწარმოებს პრეზიდენტთან არსებული უსაფრთხოების საბჭო, საქართველოს შემთხვევაში კი მთავრობა, რაც გასაგებია, ვინაიდან საქართველოში პრეზიდენტს აქვს სხვა ფუნქციები.

მეორე - შეიძლება თუ არა, საქართველომ მიიღოს ასეთი სახით კანონი, ამაზეც აქვს ნამსჯელი და რაიმე წინააღმდეგობა ამასთან დაკავშირებით არ არის. აქვს რეკომენდაციები შემუშავებული, რომელზეც ჩვენც ვსაუბრობდით, რომ ტერმინოლოგია იყო უფრო მკვეთრად დასაზუსტებელი, მაგალითად, რას ნიშნავს პოლიტიკაში მონაწილეობა, მედიაზე გავლენა და ა.შ. ასევე, პროცედურული დაცვის მექანიზმები, გასაჩივრების უფლება და ა.შ. არის კონკრეტული რეკომენდაციები, რომლებსაც განვიხილავთ და შესაბამისად იქნება გადაწყვეტილება მიღებული.

რაც შეეხება საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებას, ის ცვლილებები, რომლებიც შევიმუშავეთ, ამასთან დაკავშირებით რაიმე შენიშვნა არ გააჩნია"- ამბობს პაპუაშვილი.

საქართველოს პარლამენტმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით 16 ნოემბერს მიიღო. შემდეგ კი, განხილვა აღარ გაგრძელდა და ვენეციის კომისიაში გაიგზავნა.

დეოლიგარქიზაციაზე მუშაობა ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი რეკომენდაცია. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა ქართულმა ოცნებამ, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე იმუშაოს.

ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ დეოლიგარქიზაციაზე საუბრისას პირდაპირ გულისხმობენ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც საქართველოში არაფორმალურ მმართველად მიიჩნევა. ამავე დროს, კი მმართველ გუნდში ბრალდებებს უარყოფენ და ივანიშვილს მეცენატად და პოლიტიკიდან გასულ პირად წარმოაჩენენ.

ქართული ოცნების გადაწყვეტილებით, ოლიგარქების სიას პარლამენტის ნაცვლად, მთავრობა შეადგენს - დეოლიგარქიზაციის კანონპროექტში შევიდა ცვლილება, რომ ე.წ. ოლიგარქთა რეესტრის შედგენა პრემიერმინისტრის კომპეტენცია იქნება.

კანონპროექტით, ოლიგარქების სპეციალური რეესტრის შედგენაზე პასუხისმგებელი იყო პარლამენტი, თუმცა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა დეპუტატებს პროექტში ცვლილებების შეტანა შესთავაზა.

პროექტის მიხედვით, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირად (ოლიგარქად) მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც შემდეგი კრიტერიუმებიდან სულ მცირე სამ მათგანს ერთდროულად აკმაყოფილებს: ა) პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს; ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს; ) არის იმ მეწარმე იურიდიული პირის საბოლოო ბენეფიციარი, რომელსაც ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა უკავია და რომელიც ამ მდგომარეობას 1 წლის განმავლობაში ინარჩუნებს ან აუმჯობესებს; ) მისი და იმ მეწარმე იურიდიული პირების აქტივების დადასტურებული ოდენობა, სადაც ის ბენეფიციარია, შესაბამისი წლის 1 იანვრის მდგომარეობით 1000 000-ჯერ აღემატება შრომისუნარიანი პირებისთვის დადგენილ საარსებო მინიმუმს.


close დახურვა